დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.

14 ივნისი, საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. 2014 წელს კი ქვეყანამ შშმ პირთა კონვენცია მიიღო, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება გააუმჯობესოს და ადაპტირებული გახადოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის საჭირო სერვისები. მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობს ბარიერები, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები აწყდებიან. ბარიერები ორმაგდება, როცა საქმე შშმ ქალებს ეხება. სწორედ, შშმ ქალების საჭიროებებზე და მათ უფლებებზე გაიმართა დისკუსია ქუთაისში, რომელსაც ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,შშმ ქალები თანასწორობისთვის’’ გაუწია.

შეხვედრაზე იმ ფაქტებზ ისაუბრეს, სადაც შშმ ქალები ორმაგი ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან, რადგან გენდერული ნიშანი თანაკვეთაში მოდის შეზღუდულ შესაძლებლობებთან, რაც მათ დაბრკოლებებს უქმნის. დაბრკოლებები უამრავია: სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობის ნაკლებობა, შშმ პირის მიერ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული სტერეოპიტები, განათლების, დასაქმების ხელმიუწვდომლობა და ა.შ.

აღინიშნა, რომ 2019 წელს 9 თვის განმავლობაში ამბულატორული მომსახურება მხოლოდ 42-მა შშმ ქალმა მიიღო, რაც მკვეთრად ჩამორჩება შშმ კაცთა მაჩვენებელს.

,,იმისთვის, რომ შშმ ქალმა გინეკოლოგიური მომსახურება მიიღოს, საჭიროა პაციენტის სავარძელი იყოს ადაპტირებული, რაც ვერ ხერხდება. ასევე, ისინი ამოვარდნილნი არიან სკრინინგ პროგრამიდან, რასაც შშმ კაცებზე ვერ ვიტყვით. მიმართვიანობა კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, როცა ექიმთან სმენის არმქონე პირი მიდის, მას თანმხლები პირი სჭირდება, რადგან ექიმები ჟესტურ ენას ვერ ფლობენ, შესაბამისად, პაციენტი იძულებულია პირად საკითხებზე სხვისი თანსასწრებით ისაუბროს, რაც შშმ პირის უფლების დარღვევაა,’’-ამბობს ორგანიზაცია ,,შშმ ქალები თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე თინათინ გელხვიიძე.

,,საზოგადოება მიიჩნევს, რომ შშმ პირმა ოჯახი არ უნდა შექმნას, ეს სტერეოტიპი მეტად ვრცელდება ქალებზე, ვიდრე კაცებზე, რადგან ოჯახის საქმეები საზოგადოების ნაწილის წარმოდგენით, ქალის ვალდებულებაა. პირადად მე რეალიზებული ვარ, ვარ სპორტსმენი, მყავს ოჯახი და ამით უზომოდ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავის, მაგრამ ბევრი ქალი ამას ვერ ახერხებს,’’-ამბობს ნათია ჩიხლაძე.

შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ შშმ პირებისთვის საჭირო სერვისები დაიხვეწება და გარემო მეტად ადაპტირებული გახდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *