“ბორჯომის” ქარხნის გაფიცული თანამშრომლები დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობენ.

მათ დღეს 12 საათზე, ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა როგორც ამბობენ, ქალაქის მერიასა და პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში დაიბარეს დაკავებით დაემუქრნენ.

,,მთელი საღამო მიმდინარეობდა რაღაც პროცესები, რომელშიც მონაწილეობდა მთელი სამხარეოს პოლიცია. ეს იყო მოწოდება, რომ თქვენ არაკანონიერად იქცევით და გზის გადაკეტვის შემთხვევაში, გვაქვს სრული უფლება დაგაკავოთო” – ამბობს ქარხნის ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

გარდა ამისა, მათ დღეს მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ ბორჯომში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავა, რომელიც შეხვდებათ და მათ პრობლემებს მოისმენს, ინფორმაცია ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. აქციის მონაწილეებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაელოდონ შეხვედრას და იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სასურველი და მისაღებ შედეგს ვერ მიაღწევენ, ამის შემდეგ გადაკეტავენ გზას.

უკვე მე-17 დღეა “ბორჯომის” ქარხნის 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია და ორივე ჩამოსასხმელი ქარხანა პარალიზებული. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

კომპანია ბორჯომმა 29 აპრილიდან სანქციების გამო ორივე ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. 5 მაისს ბორჯომმა 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიაში თქვეს, რომ შექმნილ ვითარებაში იძულებული გახდნენ დასაქმებულთა ხელშეკრულებაში ცვლილება შეეტანათ, რაზეც თანამშრომელთა ნაწილი არ დათანხმდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *