ქუთაისში უკვე ხუთი დღეა შადრევნები გამორთულია.

სწორედ იმ დღიდან, როცა თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ მოზარდებს დენმა დაატყა და ერთი მათგანი გარდაიცვალა, ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ხუთივე შადრევანი გამორთეს. ოპოზიცია შადრევნების გამორთვას არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებს.

,,იმ მძიმე და საშინელი ფაქტის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, შადრევნები გამოერთოთ. ცხადია, არ არიან დარწმუნებულები, რომ შადრევნები უსაფრთხოა. გამორთულია ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანიც, რომელსაც რეკონსტრუქცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. ისინი არა სამუშაოების ხარისხზე, არამედ მეტი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებულნი,’’-ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ გიორგი კილაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნების გამორთვა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან კავშირში არაა. მერის მოადგილის იუზა უგულავას მტკიცებით, შადრევნების გამორთვის მიზეზიც მათი გაწმენდა გახდა. მისი თქმით, ხუთივე შადრევანი დღეს ჩაირთვება.

13 ოქტომბერს, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათ შორის ერთი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *