არაოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში მე-6 კლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და მისი გაუპატიურება სცადა.

აღნიშნულის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს’’ იმ სკოლის დირექტორმა დაუდასტურა, სადაც 11 წლის გოგო სწავლობს. ინფორმაციას არ ადასტურებს შსს.

ასევე, არაოფიციალური ინფორმაციით, ბიჭებთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულია კიდევ ერთი პირი. წყაროს ცნობით, შუახნის კაცს ბიჭის დედამ უჩივლა, რადგან იმ დროს შეესწრო, როცა დაკავებული მის არასრულწლოვან შვილს ნომერს სთხოვდა.

წყაროებმა დაასახელეს დაკავებულების ვინაობაც, მაგრამ სანამ მათი დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელდება, მათ ვინაობას არ გავასაჯაროებთ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისში საეჭვო პირები მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. სამი სხვადასხვა წყარო სამ სხვადასხვა შემთხვევაზე საუბრობს. Მათი ინფორმაციით, უცხო პირები ცდილობენ მოსწავლეებთან კონტაქტი დაამაყრონ და მანქანაში მოტყუებით ჩაისვან.

გავრცელებულმა ინფორმაციამ მშობლების და მასწავლებლების შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც მათ შესაბამისი ზომები მიიღეს.

,,ცოტა შეშინებული ვარ იმ ინფორმაციის შემდეგ, რაც მოვისმინე. Მშობლები გაფრთხილებულები ვართ, რომ ბავშვები მარტო არ გამოვუშვათ. მე მომყავს სკოლაში და მე მიმყავს უკან. პედაგოგებიც საქმის კურსში არიან, თუ მშობელს აგვიანდება, ბავშვი მშობლის მოსვლამდე მასწავლებელთანაა, სკოლიდან მარტო არ უშვებენ,’’-ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

,,ჩვენი სკოლის დირექციამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა დამრიგებელს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მშობლების ინფორმირება დაევალა. თავად დამრიგებლები უწევენ ორგანიზებას, რომ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვები მშობლებს ჩააბარონ, რათა ბავშვი სკოლიდან მარტო არ წავიდეს. თუ მოზარდი სახლში მარტო წავა, ამ შემთხვევაში ვაფრთხილებთ, რომ არ გამოელაპარაკოს უცხო ადამიანს და არ აიღოს მისგან არაფერი. თუ ვინმე მასთან კონტაქტის დამყარებას შეეცდება და რაიმეს შესთავაზებს, ვაფრთხილებთ, რომ ხმამაღლა ითხოვოს დახმარება,’’-ამბობს ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლევიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *