“700 ლარსაც არ გადაიხდის “ტორპედოში” არავინ”,- ასე ეხმაურება საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”

ამირან ძოწენიძე საფეხბურთო კლუბის” ტორპედო” აუქციონზე გაყიდვას.

კლუბის სავარაუდო ღირებულება 700 ათასი ლარია. ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს:”სანამ აუქციონზე გავა ეს ქონება უნდა მოხდეს ექსპერტიზის მიერ მისი შეფასება. ამჟამად გაგზავნილია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ აღნიშნული კლუბის შეფასება მოხდეს. არსებული საბალანსო მონაცემებიდან გამომდინარე კლუბის სავარაუდო ღირებულება 700 ათასი ლარი იქნება, თუმცა საბოლოო დასკვნა ექსპერტიზამ უნდა დადოს და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება ქონების განკარგვა”, – განაცხადა პაატა კლიაშილმა.

“700 ლარს არ გადაიხდის “ტორპედოში” არავინ იმიტომ, რომ აუქციონში მონაწილეებს ვერ დაუმტკიცებს ქალაქის თვითმმართველობა თუ რატომ უნდა გადაიხადონ ეს თანხა, რა ღირებულება ქვს გუნდს. 700 ათასი არ არის ცოტა თანხა, 700 ათასით შეიძლება ნახევარი წელიწადი შეინახო გუნდი. მე მაგ გზით არ წავიდოდი. ეს არის შეცდომა ჩემი აზრით”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” სატელეფონო საუბრისას საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით საფეხბურთო კუბის შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს.

საკრებულოს დეპუტატი ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ თუ აღნიშნული პიროვნება კლუბის შეძენით დაინტერესბულია,  წინადადება აუცილებლად უნდა განიხილონ, ისევე როგორც სხვა წინანადებები, თუ ვინმეს ექნება სურვილი “ტორპედოს” შეძენისა.

“ეს ის ადამიანია, რომლიც იყო პრეზიდენტი ამ სეზონზე. შემდეგ მას პრობლემები ჰქონდა კლუბის მფლობელებთან, ანუ ქუთაისის მერიასთან და მან დატოვა ეს თანამდებობა. ახლა ტუ აქვს მას სურვილი , რომ კლუბი აიყვანოს მასთან აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ისევე როგორც სხვა მსურველებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუქციონის წარმატების იმედი ნაკლებად მაქვს. ამ კლუბის მფლობელი ვერ დაამტკიცებს რატომ ღირს ეს კლუბი ამდენი. მაგალითად, რატომ უნდა გადავიხადო 700 ათასი და მერე 2 მილიონ ნახევარი, სამი მილიონი ვხარჯო გუნდში იმის იმედით, რომ სადღაც 5-6-7-10 წლის მერე მოგება მივიღო? რთული პოზიციაა, როგორც ეკონომისტი ამას გეტყვით”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” სატელეფონო საუბრისას საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძემ.

კლუბის შეძენის სურვილი რომ ჰქონდა ზაალ ჩაჩავას, ამის შესახებ ინფორმაციას sportall.ge- დან ვგებულობთ. სპორტული ვებ-გვერდი გასული წლის დეკემბერში მას გაესაუბრა: ” ითქვა, თითქოს სიმბოლურ თანხად მსურდა “ტორპედოს” შეძენა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მერიას ასეთი რამ შევთავაზე: წლიურად “ტორპედოში” მინიმუმ 500 000 ლარს დავხარჯავ, ამასთანავე, 250 ბავშვზე გათვლილ უფასო აკადემიას გავაკეთებ-მეთქი.
“ტორპედოს” სტადიონი საკუთრებაში არ მინდა. ეს სტადიონი ქუთაისისაა და იყოს, შეინახოს სახელმწიფომ. მხოლოდ ის მსურს, რომ “ტორპედომ” იქ ითამაშოს. გვსურდა, ბაზა ყოფილიყო ჩვენი, მაგრამ ბაზას ცალკე აფასებენ…
აუქციონში მონაწილეობას მივიღებ და “ტორპედოს” შეძენას ამ გზით შევეცდები. მერიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომელიც კლუბს მხარში უდგას. ქალაქის მერი შოთა მურღულია ყველაფერს აკეთებს კლუბის სასიკეთოდ.
ჩვენი ფანებიც ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში, სულ ჩვენთან არიან და ამ ხნის განმავლობაში შეკრულები ვიყავით. ფანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველას ერთად კლუბის გვერდში დგომა გვსურს.
ვიბრძოლებ “ტორპედოსთვის” და ვფიქრობ, აუქციონზე ყველაფერი ამ კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება”, – განაცხადა ზაალ ჩაჩავამ sportall.ge-სთან საუბრაში.

რადიო “ძველი ქალაქი” შეეცადა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას დაკავშირებოდა. როგორც აღმოჩნდა ის ამჟამად საქართველში არ იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *