ჩატარდება თუ არა ჩემპიონთა ლიგის თამაში ქუთაისში?

– ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საკითხით ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც თამაში შესაძლოა თბილისში, დინამო არენაზე გაიმართოს.

საკრებულოს დეპუტატი “ევროპული საქართველოდან” მერაბ მეშველიანი ქალაქის ხელისუფლების პოზიციის გაცნობას ითხოვდა. მას აინტერსებდა იყო თუ არა მერიის მაღალჩინოსნები იმ 15 პუნქტიანი შენიშვნების შესახებ ინფორმირებული, რაც უეფას ქუთაისის სტადიონთან დაკავშირებით აქვს და გაიმართება თუ არა მატჩი ქუთაისში.

“ქალაქის მერის, აღმასრულებლის პოზიცია, მუნიციპალიტეტის პოზიცია მაინტერესებს. ჩატარდება მატჩი თუ არა.” – განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

“ქუთაისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ქუთაისში ჩატარდეს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები. ” – უპასუხა არქიტექტურისა და ზედამხდველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.

კითხვაზე ეს პასუხი არის თუ არა მერის პოზიცია, მეშველიანს ჯავახიამ უპასუხა, რომ ეს არის მერის პოზიცია. რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას 15 პუნქტიანი შენიშვნის შესახებ ზვიად ჯავახიამ უპასუხა:

“რაც შეეხება 15 პუნქტიან შენიშვნას, მე არ მაქვს ნანახი, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მერია მაქსიმუმს აკეთებს თამაშის ქუთაისში ჩასატარებლად. რომელიც ჩვენც რათქმაუნდა გვინდა და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც საინტერესო იქნება.”

შეგახსნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტორპედოს” მეტოქე მოლდოვის “შერიფი” იქნება.

პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები – 17/18 ივლისს. “ტორპედო” პირველ შეხვედრას მასპინძელის რანგში გამართავს. შეძლებს თუ არა ქუთაისის სტადიონი მატჩის მიღებას, ჯერ უცნობია. მატჩის ბილეტებზე კი თამაშის ჩატარების ადგილად ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონია მითითებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *