ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის

“ტორპედოში” არსებული პრობლემების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“კლუბში არსებობს ფინანსური პრობლემა. ადამიანები ცდილობენ, ზიანი მიაყენონ ფონდის მუშაობას. 2018 წელს ამ კლუბს ბიუჯეტი დაახლოებით 10-11 მილიონი ჰქონდა. ფონდიდან მიღებული თანხა დახლოებით მილიონ-ნახევარი ან ორი მილიონი იყო. დანარჩენი თანხა მოზიდულია როგორც უეფადან, ისე კერძო სექტორიდან და სპონსორებიდან. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფონდი რომ არ იყოს უკეთესი იქნებოდა, გეტყვით, რომ ახლაც ის ქუთაისი იქნებოდა, რაც წლების წინ იყო მილიონ-ნახევრიანი, მუნიციპალური გუნდი,”-განაცხადა კობიაშვილმა.

კობიაშვილი ადასტურებს, რომ პრობლემები არსებობს, თუმცა, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და პრობლემებზე საჯარო საუბრისაგან თავი შეიკავონ.

“არის პრობლემა თავიანთ პარტნიორთან მიმართებაში, მაგრამ ვთხოვ ყველას, მათ შორის ფეხბურთელებსაც, მათ შორის მწვრთნელებსაც, რომლებმაც უაზრო კომენტარები გააკეთეს, მეტად სცენ პატივი თავიანთ გუნდსაც და გულშემატკივრებსაც, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მე მქონდა უშუალოდ ხელმძღვანელებთან შეხება, უშუალოდ გულშემატკივრებთან საუბარი. შეიძლება არ ჰყავდეს ძვირადღირებული ფეხბურთელები, მაგრამ “ტორპედო” სულ იქნება და ითამაშებს. მათ ხელმძღვანელობისაგან აქვთ პირობა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერი გაკეთდება. არის ქვეყნები, სადაც 6 თვე ვერ იღებენ ხელფასებს ფეხბურთელები, ხდება ასეთი რაღაცები, სამწუხაროდ, მაგრამ არც ერთი გამოდის და არ საუბრობს, რომ თამაშზე არ გამოვლენ. ჩაიხედონ ფეხბურთელებმა თავიანთ კონტრაქტებში, რისი უფლება აქვთ,”-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბში ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებს ანაზღაურება 2 თვეა არ მიუღიათ. კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰუალინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *