“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი

კიკვაძე “ტორპედოში” შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ქუთაისის მერს ადანაშაულებს. კიკვაძე ამბობს, რომ გიორგი ჭიღვარიას კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ფეხბურთის ფედერაციას. “ლეიბორისტული პარტიის ” წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჭიღვარიას ბერკეტი ჰქონდა, რაც ვერ გამოიყენა. მისი განმარტებით, კლუბის პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მფარველობს და ჭიღვარიამ მის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა.

“ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ მას “ტორპედოში” შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა. სინამდვილეში, მას ჰქონდა კანონიერი უფლება და ვალდებულება, რომ ჩაჩავასთვის პირველივე დღიდანვე მოეთხოვა  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. მან ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ ჩაჩავა კობიაშვილის უახლოესი მეგობარია, მისი კადრია და ჭიღვარიამ კობიაშვილს ვერ გაუბედა, რომ ჩაჩავასთან მიმართებაში კანონიერად ემოქმედა. ამ ყველაფერს შეეწირა ტორპედოს ინტერესები,”-აცხადებს ირაკლი კიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბში ფინანსური კრიზისია. გუნდს ფეხბურთელები ტოვებენ. რამდენიმე თვეა მათ ხელფასები არ აუღიათ.

ქუთაისის მერმა გუშინ გამართულ აქციის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩაჩავამ ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი უახლოეს დღეებში უნდა ჩაურიცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან მერია ხელშეკრულებას გააუქმებს.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *