ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი გაუსაძლისი პირობებია.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ,,ტორპედოს” კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ განუცხადა, უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

,,იყო შეკრება ტორპედოს ბაზაზე. სიტუაცია იგივეა. ფეხბურთელების შეკითხვაზე პასუხი არ არის. არ არის თანხა დავალიანება რომ გასტუმრდეს. არავინ ჩანს ისეთი, რომ გვითხრას თუ გამოსწორდება სიტუაცია. ელემენტარული საკვები არაა, რომ ფეხბურთელებმა ჭამონ. გუნდში ისეთ სიტუაციაა, ბიჭებს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია გავაგრძელოთ ვარჯიში. ქუთაისის ,,ტორპედოს” დაშლა პირადად ჩემთვის ძალიან რთული მომენტი იქნება.”- განაცხადა როინ კვასხვაძემ.

,,ტორპედოს” წინ, 19 ოქტომბერს, წყალტუბოში, ,,საბურთალოსთან” ეროვნული ლიგის ტური აქვს. შეძლებს თუ არა გუნდი მატჩის გამართვას უცნობია.

შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, პრობლემები გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ბოლოს გამართული აქციის შემდეგ მათ ქალაქის მერი შეხვდათ. გულშემატკივრებთან შეხვედრაზე ქუთაისის მერი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ფანკლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდი იშლება და მერია ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

ქუთაისის მერმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მერიამ “ტორპედოსთან” მიმართებაში ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა. ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად კი აუცილებელია, გუნდი მერიის ბალანსზე გადავიდეს. ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფანკლუბის წევრი, ლევან ფილიპაშვილი კლუბის დროებითი მმართველის მოადგილედ დანიშნა.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *