ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი გაუსაძლისი პირობებია. გუნდის კაპიტანმა მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ფეხბურთელებს ელემენტარული საკვები არ აქვთ მოგვიანებით ისევ განმარტა: 

“ტორპედოდან” არცერთი ფეხბურთელი წასულა. პირიქით, ძალიან გვინდა გავიდეთ, ვივარჯიშოთ, მოახლოებულ მატჩებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდეთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქამდე მივედით, რომ ეს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია.

ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კლუბის სამწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობს. ელემენტარულია, ხომ უნდა იკვებონ?! დღეს უკვე აღარც მაგის საშუალებაა! სავარჯიშო პირობები არაა, მომავალი გაურკვეველია…

“ტორპედო” არ მიგვიტოვებია! უბრალოდ, იმდენად რთულ პირობებში ვართ, ძველებურად გაჩერება შეუძლებელია.

პირადად ჩემთვის “ტორპედოს” დაშლა ძალიან მტკივნეული იქნება. “ტორპედო” არაა რიგითი კლუბი, მას გაფრთხილება უნდა. დღეს “ტორპედო” ჩვენს თვალწინ იშლება და რაღაც უნდა ვიღონოთ…”

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ,,ტორპედოს” კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ განუცხადა, უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

,,ტორპედოს” წინ, 19 ოქტომბერს, წყალტუბოში, ,,საბურთალოსთან” ეროვნული ლიგის ტური აქვს. შეძლებს თუ არა გუნდი მატჩის გამართვას უცნობია.

შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, პრობლემები გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *