,,ტორპედოს’’ გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის გადადგომას ისევ ითხოვენ
საფეხბურთო კლუბ ,,ტორპედოს'' სპორტული ჯგუფი ,,ერთობა’’ ,,ტორპედოს’’ მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის გადადგომას და აღნიშნულ პოზიციაზე კახაბერ ჩხეტიანის დაბრუნებას ითხოვს. ,,ერთობას’’ დამფუძნებლის, ოთარ სიმსივეს თქმით, გია ცეცაძეს შედეგი არ აქვს, რადგან ,,ტორპედო’’ საქართველოს ჩემპიონატში 10 გუნდს შორის მე-7 ადგილზეა, რაც კატასტროფული შედეგია. 

,,გია ცეცაძე არის იმ პრობლემების მიზეზი, რაც დღეს ,,ტორპედოშია’’. საქართველოს ჩემპიონატი თებერვალში დაიწყო, სულ 9 ტური ჩატარდა, აქედან საფეხბურთო კლუბს აქვს 3 მოგება, 4 წაგება და 2 ფრე. Ამ სამი მოგებიდან ორი თამაში შოთა ბაბუნაშვილმა მოიგო და 1 გია ცეცაძემ. Გუნდში კატასტროფული მდგომარეობაა. ,,ტორპედოს’’ ადგილი მე-7 ადგილი არაა. ის ტრადიციული გუნდია და ლიდერი უნდა იყოს. ყოფილმა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა სამ წელიწადში გუნდს ხუთი ტიტული მოაპოვებინა. დღეს ,,ტორპედო’’ ისეთ მდგომარეობაშია, როგორიც ჩვენს ქალაქს არ შეეფერება,’’-ამბობს ოთარ სიმსივე.

,,ტორპედოს’’ გულშემატკივრები გია ცეცაძის გადადგომას მარტიდან ითხოვენ. 28 აპრილს ამ საკითხთან დაკავშირებით ,,ტორპედო’’ გულშემატკივრებს შეხვდა, რომელზეც ,,ერთობას’’ წევრებიც იმყოფებოდნენ. ,,ტოპედოში’’ აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ 4 აპრილს გააკეთეს,
4 აპრილვე მიიღეს მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მათი თქმით, კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბისხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას გადადგომის შესახებ და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ.

გია ცეცაძე ,,ტოპედოს’’ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

| Print |