ქუთაისში ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობს

გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ჭადრაკის ტურნირი მიმდინარეობს,

რომელშიც მოყვარული და პროფესიონალი მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. მოჭადრაკეებს საშუალება აქვთ სვლა მსოფლიო ჩემპიონთან მაია ჩიბურდანიძესთან გააკეთონ. გახსნით ღონისძიებაზე ევროპის ჩემპიონატის პირველი და მესამე ადგილის მფლობელებს ქუთაისიდან, ანასტასია კირთაძეს და ანასტასია ქუთათელაძეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძმ ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

 

 

,,ძალიან დასამახსოვრებელი პრიზები გადმოგვცეს. ძალიან გამახარა მაია ჩიბურდანიძის წიგნმა, მისივე ხელმოწერით. ახლა მაია ჩიბურდანიძეს უნდა ვეთამაშოთ. მიხარია, რომ დაგვპატიჟეს. გილოცავთ ქუთაისობას,’’-ამბობს ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ანასტასია ქუთათელაძე.

 

,,ქუთაისში 10 წელია არ ვყოფილვარ. როგორც იქნა მშობლიურ ქალაქს ვეწვიე. მიხარია ჩვენი ბავშვების წარმატება. მადლობა იმერეთის ფედერაციას, მათ მშვენიერი მწვრთნელები და ნიჭიერი ბავშვები ჰყავთ, ყველა მონდომებულია, რომ წარმატებას მიაღწიონ და მჯერა მეტსაც მიაღწევენ,’’-ამბობს მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, მაია ჩიბურდანიძე.

 

,,ქუთაისმა საჭადრაკო სივრცეს არაერთი ღირსეული ადამიანი შესძინა. ამაყი ვარ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ევროპის ჩემპიონატიდან 3 გამარჯვებული დაგვიბრუნდა. ისინი მაია ჩიბურდანიძის ტრადიციას აგრძელებენ. მათ დღეს მცირე საჩუქრები გადავეცით, ყველას გილოცავთ გვირილობის დღესასწაულს,’’-ამბობს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

 

ჭადრაკის ტურნირი 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ქართული სპორტის ისტორიის ამსახველი ფოტო–მასალა.

 

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან იღებს სათავეს. ის გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.

| Print |