ქუთაისში ამფითეატრის მოწყობას ითხოვენ. საკუთარი ინიციატივა ბაია კოღუაშვილმა მოქალაქეებისათვის შექმნილ თავისუფალი

 

ინიციატივების ვებ-გვერდზე დაარეგისტრირა. ინიციატივის ავტორის განმარტებით, ამფითეატრი არგონავტიკის თემატიკაზე უნდა შეიქმნას და ის ქუთაისის იდენტობას უნდა გამოხატავდეს.

“მაშინ, როცა მნიშვნელოვნად მატულობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და უცხოელთა ინტერესი ქალაქის ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიზნით, ვფიქრობთ, ქუთაისში კულტურის ასეთი კერის შექმნა წარმოადგენს აუცილებლობას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებული ამფითეატრის არქიტექტურა სიმბოლურად ასახავს არგონავტიკის თემატიკას, რომელიც განსაზღვრავს ქუთაისის იდენტობას მსოფლიო სივრცეში. ამფითეატრის პრიორიტეტი იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, რომელთა შორის მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს სანახაობები (თეატრალური წარმოდგენები, მიუზიკლები, კონცერტები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ), და გათვლილია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ამფითეატრი უმასპინძლებს საერთაშორისო ფესტივალებს. შესაძლებლობის ფარგლებში შეითავსებს არენის ფუნქციას ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით,”-ნათქვამია ინიციატივაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა. ამ ეტაპზე საკუთარი იდეა 28 მოქალაქემ წარადგინა.

საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *