ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმდინარე თვესა და შემოდგომაზე

განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს. შეხვედრა “სამართლიანი არჩევნებს” ქუთაისის ოფისში გაიმართა.

“ვისაუბრეთ წინასაარჩევნო აქტუალურ თემებზე. გავაკეთეთ როგორც პირველი ტურის შეჯამება, ასევე განვიხილეთ არჩევნების მეორე ტური. სამწუხაროდ, მეორე ტურში უფრო გააქტიურდა დარღვევები. პოლარიზებული გახდა საზოგადოება, მედია. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტებიც. ჩვენი დაკვირვების არეალში, საარჩევნო უბნებთან გვხვდებოდა მხარდამჭერები სიებითა და ამომრჩევლების მობილიზება,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

“სამართლიანმა არჩევნებმა” ამ დროისთვის იმერეთში 8 საჩივარი დაწერა. 

“შევხვდით იმერეთის მასშტაბით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩავატარეთ კონსულტაციები და გავაცანით ჩვენი მუშაობის მიმართულებები. ასევე, ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ორგანიზება გავუწიეთ მოქალაქეთა ფორუმებს, რომელთა მიზანიც იყო მოქალაქეებისათვის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება,”-განაცხადა “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” წარმომადგენელმა მაკა ცერცვაძემ და განმარტა, რომ კვლევების მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს ერთჯერადი სოციალური დახმარებების არაეფექტურობა, სოციალური თავშესაფრის მოწყობის საკითხი, შიდა გზებისა და გარე განათების მოწყობის პრობლემები და სხვ. აწუხებთ. 

“გვქონდა გასვლითი აქტივობები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. ასევე, იმერეთის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. გვაქვს რამდენიმე მიმდინარე აქტივობა “ხელედულა 3″ და ნამოხვან ჰესებთან დაკავშირებით. ასევე, ხარაგაულში ალტერნატიული რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. სამი ობიექტი მთელი რიგი სამართლებრივი პრობლემებით ხასიათდება,”-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნოდარ ჯიქიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მსგავს შეხვედრებს ყოველი თვის ბოლოს მართავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *