იმერეთში მომუშავე ბიზნესოპერატორებს სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი გააცნეს. image= მათ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება. ასევე, განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა და ადგილი. ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს. სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ (გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა). განისაზღვრა სურსათის ნეტოს (სუფთა წონის) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.

“აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა ხელისუფლებამ გაითვალისწინა ბიზნესოპერატორების მდგომარეობა და მისი ამოქმედება რამდენიმე თვით გადადო. ამიტომ მათ არ უნდა დაემზადებინათ დიდი რაოდენობით ეტიკეტები. პროდუქციის ძველი ეტიკეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება,”-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ფიქრია ჭლიკაძემ.

სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.

ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *