“ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია სასამართლოს გზით მივიღეთ,”- აღნიშნულის შესახებ “ევროპული საქართველოს”

ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მერაბ მეშველიანმა განაცხადა. სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, ქუთაისის მერიისაგან საჯარო ინფორმაცია დღეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიიღეს. საქმე ეხება ინფორმაციას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ” ქუთაისის #4 შერეულ პოლიკლინიკაში” დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობისა და სახელფასო ნაწილის შესახებ. 

“ევროპული საქართველოს” დეპუტატებისათვის მნიშვნელოვანია ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული სამსახურების, აიპების და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგი, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი სახელფასო ნაწილის გამჭირვალობა. მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ჩვენ მიერ პირველი კვლევის მომზადების დროს, მხოლოდ შპს “ქუთაისის #4 შერეული პოლიკლინიკის” მიერ არ მოხდა ინფორმაციის მოწოდება თანამშრომელთა რაოდენობისა და სახელფასო ნაწილის შესახებ. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტების ჩართულობით მომზადდა სარჩელი და მივმართეთ სასამართლოს საჯარო ინფორმაციის მოწოდების მიზნით. ჩვენს მიზანს რაც წარმოადგენდა, უკვე მიღწეულია,”-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

სხდომაზე სადავო დოკუმენტაცია ქუთაისის მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ წარადგინა.

სასამართლო დავის დაწყებამდე ირაკლი გიორგაძე აცხადებდა, რომ “ევროპულ საქართველოს” გამოთხოვილ ინფორმაციაზე უარი კანონის საფუძველზე ეთქვა და მოთხოვნილი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა.

პარტიაში აცხადებენ, რომ მერიის დაქვემდებარებაში არსებული აიპებისა და შპს-ების საქმიანობის მონიტორინგს კვლავ გააგრძელებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *