“ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, 26 მაისს კომპანიის ხელმძღვანელი პირები გაფიცულ

თანამშრომლებს შეხვდნენ. მათი განმარტებით, მაღაროელების მისამართით რამდენიმე შეთავაზება გაჟღერდა. კომპანია გაფიცულ მუშებს 2019 წლის 1-ლი ივლისიდან, რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის დაწყებისთანავე, ხელფასის 25%-იან ეტაპობრივი ზრდას სთავაზობს, უფრო კონკრეტულად 2019 წლის 1-ლი ივლისიდან – 15%-იან ზრდას, ხოლო 2020 წლის 1-ლი ივლისიდან – 10%-იანი ზრდას. კომპანიაში ამბობენ, რომ ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიას თანამშრომლებისთვის შეთავაზებული ჰქონდა ალტერნატიული წინადადებაც: წლის 1-ლი ივლისიდან – ხელფასის 10 %-იანი ზრდა რესტრუქტურიზაცია-რეორგანიზაციის ხარჯზე, ასევე, 26 მაისის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში მათ მიერ აღებული საბანკო სესხების დაფარვა. სახელფასო დანამატები გავრცელდება 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე. სხვა შეთავაზებები შემდეგნაირად გამოიყურება:

კონტრაქტორი კვებითი კომპანიის ახლით ჩანაცვლება, რაც დასაქმებული თანამშრომლების კვების რაციონისა და ხარისხის გაუმჯობესების პირობა გახდება; სადაზღვევო კომპანიასთან პრობლემური საკითხების დარეგულირება და დასაქმებული პირების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; ჭიათურაში მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობის სრულად შეზღუდვა; 3 თვის ვადაში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაწარმოები მანგანუმის მადნის გადასაზიდი სარკინიგზო ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფა; ჭიათურაში, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე პარკისა და ატრაქციონების პარკის მშენებლობის დაფინანსება-კეთილმოწყობაში მონაწილეობა; ჭიათურის მერიისთვის დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენა და გადაცემა;​ კარიერების შესასვლელებში საკარიერო მანქანების გარეცხვის უზრუნველსაყოფად სპეციალური სამრეცხაოების მოწყობა; ზემოაღნიშნული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება დასაქმებულების მიერ შეთავაზებული პროფკავშირების მიერ.

კომპანია მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეთავაზებები რაციონალურია .

“აღსანიშნავია, რომ ეს არის ის მაქსიმუმი, რის შეთავაზებაც დღეს “ჯორჯიან მანგანეზს” შეუძლია, რათა ჭიათურაში უკიდურესად დაძაბული ვითარების დარეგულირება და განმუხტვა შესაძლებელი გახდეს, რაც ამ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია როგორც კომპანიის თანამშრომლებისთვის, ასევე – რიგითი ჭიათურელებისთვის,”-აცხადბენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

“ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზებებს გაფიცული მუშები არ თანხმდებიან.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *