ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმაში

ცვლილებებს მხარი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. საკითხის განხილვას “ქართუ ჯგუფის” პროგრამების ხელმძღვანელი, ვახტანგ ცაგარელი და უნივერსიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ავტორი, გოჩა გუბელაძე ესწრებოდნენ.

ვახტანგ ცაგარელის თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმაში რადიკალური ცვლილებები არ შესულა და უმნიშვნელო ცვლილებები კონტურებს, კონფიგურაციასა და მდებარეობას შეეხო. რაც შეეხება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 109 ხის მოჭრას, როგორც ცაგარელი ამბობს, ხეების ნახევარზე მეტი დაზიანებული იყო.

“ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება კანონის დაცვით მოხდა. მაქსიმალურად ვეცადეთ და ხეების მინიმალური რაოდენობა ამოვიღეთ. სამწუხაროდ, მუხნარის ტყეში ხეების უმრავლესობა ჭარბწყლიანობის გამო გამხმარია. მის გადასარჩენად არხის რეაბილიტაცია და ტერიტორიის შემოღობვაა საჭირო,”-განაცხადა ცაგარელმა.

როგორც “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელი ამბობს, ბიუჯეტში საკომპენსაციო მოსაკრებელი იქნება შეტანილი, რაც ეკოსისტემის აღდგენასა და შენარჩუნებას მოხმარდება.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *