ფრაი და ოლივერი ლონდონიდან არიან. საქართველოში მათთან ინტერვიუს ჩაწერამდე

ერთი დღით ადრე ჩამოვიდნენ. აპირებენ, თბილისი და ყაზბეგი მოინახულონ. ქუთაისში ტურისტული ობიექტები არ უნახავთ, მის შემოგარენში გელათი და მოწამეთა დაათვალიერეს. დასარჩენად მცირე დრო აქვთ, თუმცა თეთრი ხიდისა და ბაგრატის ტაძრის მონახულება შევთავაზეთ.

“ვაპირებთ, მოვინახულოთ თბილისი და ყაზბეგი. გელათის მონასტერი და მოწამეთა ვნახეთ. თუ თეთრი ხიდი საინტერესოა, აუცილებლად ვნახავთ,”-ამბობს ფრაი.

გერმანელი წყვილიც ქუთაისში ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. საქართველოში ველოსიპედით, აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ. უკვე მოასწრეს, სვანეთის მონახულება. მოგზაურობის დასრულებას კი ბათუმში ვიზიტით აპირებენ. გერმანელი წყვილი ამბობს, რომ ქუთაისში ბევრი ტურისტული ობიექტი არ არის და მხოლოდ თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრისა და პარკის მონახულებაა შესაძლებელი.

“თუ ინტერნეტში მოძებნი, რა შეიძლება გააკეთო ქუთაისში, აქ მხოლოდ ნათქვამია რომ შეგვიძლია ვნახოთ ტაძარი, პარკი, ხიდი. კარგი იქნება, ტურისტულ ობიექტებში იყოს ძველი გზები, ქუჩები, ლამაზი პარკები ქალაქში,”-ამბობენ ტურისტები.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი, ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საჭიროა ტურისტებისათვის სამოძრაო მარშრუტი შეიქმნას, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ძველი სახლები, ქუჩები და ობიექტები დაინომრება.

“კარგი იქნება, თუ შევთანხმდებით ტურისტებისათვის ქალაქში სამოძრაო მარშრუტზე და ამ მარშრუტის მიხედვით დაინომროს ის ძველი სახლები, ობიექტები და ატრაქციები, რომლებიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. მათთვის ეს უნდა იყოს საინტერესო, კომფორტულიც და შემეცნებითიც,”-ამბობს ბერეკაშვილი.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა ქუთაისში გაზრდილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *