ახალი სასწავლო პროცესის დაწყება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს

იმერეთის გუბერნატორმა მიულოცა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა და ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება.

“ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო და მშობლებო გილოცავთ ახალ სასწავლო წელს და წარმატებებს გისურვებთ!

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სასიამოვნო მღელვარებასთან და დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. ეს დღე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია მათთვის, ვისთვისაც ცხოვრების კიდევ ერთი განსხვავებული და საინტერესო ეტაპი დაიწყო! განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, მათ ცხოვრებაში ეს დიდი ცვლილებებისა და ახალი აღმოჩენების დასაწყისია.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა და სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება ყველაზე დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი, რადგან განათლებას არ აქვს ალტერნატივა!

ქვეყნის მომავალი თითოეული თქვენგანის მონდომებაზე, წარმატებებსა და მიღწევებზეა დამოკიდებული. გისურვებთ დასახული მიზნებისთვის ბრძოლას ბოლომდე და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას. იყავით კონკურენტუნარიანები, კომპეტენტურები და გონივრულად ამბიციურები.

გახსოვდეთ, რომ თქვენს შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი და მიგულეთ თითოეული თქვენგანის უდიდეს გულშემატკივრად!,”-ნათქვამია მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. 

იმერეთის მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება ტყიბულის ორ სკოლაში გადაიდო. სასწავლო პროცესი დაგვიანებით სოფელ მუხურას მეორე და სოფელ ძმუისის საჯარო სკოლებში დაიწყება. მუხურის სკოლაში სწავლა 23 სექტემბერს, ხოლო ძმუისის სკოლაში 30 სექტემბერს განახლდება.

2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *