თბილისში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ქუთაისიდან “ერთიანი ნაციონალური

მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდებიან.

“თბილისში მიმდინარე აქციას იმერეთიდან დაახლოებით 1000-მდე აქტივისტი შეუერთდება. ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, იმას, რასაც დაგვპირდა ივანიშვილი. გვინდა სამართლიანი არჩევნები. ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების წართმევას. ის ტრიუკები, რასაც ივანიშვილი ცდილობს, რომ საპროტესტო ტალღა ჩააცხროს, მას არ გაუვა. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ზეწოლით, ხელისუფლება იძულებული გახდება, ეს დაპირება შეასრულოს. ხალხთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ივანიშვილი მოიგებს და ხელისუფლებიდან ძალიან მძიმედ წასვლა მოუწევს,”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ.

“ერთად ერთის წინააღმდეგ” აქცია დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულოსხმობდა, ჩააგდო.

აქციაში მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ფოტო: არქივი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *