ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს კომისიებში განხილვა დასრულდა.

დეპუტატებმა შენიშვნები და რეკომენდაციები უკვე დააფიქსირეს და დღის ბოლოს მერიას გადაუგზავნიან.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე ამბობს, რომ იურიდიულ საკითხთა კომისიას ბიუჯეტთან შენიშვნები აქვს, მაგრამ არა მასშტაბური.

“არის გარკვეული შენიშვნები. შესაძლოა, გარკვეული ტიპის პროგრამები, რაც გასულ წელს დაფინანსდა, არ მოგვწონდეს. მაგალითად, ბიუჯეტში გაწერილია თანხები იმ ადამიანებისათვის, ვინც საპატიო მოქალაქის სტატუსს ატარებს. ვფიქრობ, მხოლოდ სტატუსიც მინიჭებაც საკმარისია და ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვა ანაზღაურებისათვის, ჩემი აზრით, არ არის სწორი,”-ამბობს გარდაფხაძე.

კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, გარდაფხაძე პასუხობს, რომ მთავარია ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობამ მოიწონოს.

ძირითადად ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბიუჯეტის პროექტთან შენიშვნები აქვს საკრებულოს ქონების მართვის კომისიას. კომისიის წევრები 2020 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისათვის, გზებისა და ტროტუარების შესაკეთებლად და სადარბაზოების მოსაწყობად თანხის გაზრდას ითხოვენ.

“ძირითადად რეკომენდაციები ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ეხება სანიაღვრე სისტემებს, ტროტუარების მიპირკეთების თანხებს. იქედან გამომდინარე, რომ ამაში ცოტა ნაკლები თანხები იყო ჩადებული, ვფიქრობთ, რომ გასული წლის ანალოგიური თანხა მაინც უნდა დაგვრჩეს. შენიშვნებს თვითმმართველობას გადავუგზავნით და დარწმუნებული ვართ გაითვალისწინებენ,”-განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა. 

ჭეიშვილი ბიუჯეტის პროექტის კმაყოფილია და ამბობს, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა ქუთაისის მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ. უგულავა ამბობს, რომ თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით გაიზრდება და ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულია. უგულავა ამბობს, რომ დეპუტატების შენიშვნებს არგუმენტირებულად უპასუხებენ.

ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 61 032 200 ლარია. მერია ვალდებულია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს.   

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *