სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას

საკრებულოდან წასვლას საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ, ალეკო ახალაძის განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატის განცხადება გენდერული თანასწორობის საბჭოდან გვანცა თოთაძის გაშვების შესახებ სამოქალაქო აქტივიზმზე მიზანმიმართული თავდასხმაა. კამპანია “ნანა წადი”-ს ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქუთაისის საკრებულოს რიგმა დეპუტატებმა დღემდე ვერ გაიაზრეს თუ რატომ მოყვა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებას სრულიად საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი. მათი თქმით, არჩეული დეპუტატი და საჯარო მოხელე, რომელიც ანაზღაურებას ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებს, არ შეიძლება მოქალაქეებს ესაუბროს სიძულვილის ენით.

“ნანა კოსტავას დამცველი ალეკო ახალაძე მუდმივად ცდილობდა, იერიში მიეტანა სამოქალაქო აქტივისტებზე. სწორედ იმ კრიტიკული განცხადებებისა და აქტივობების გამო, რითიც ვცდილობდით მათთვის სწორედ ამ ღირებულებების შეხსენებას. სხდომაზე მისი მოწოდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოდან სამოქალაქო აქტივისტის გვანცა თოთაძის გარიცხვის თაობაზე ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. როგორც ვხედავთ, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა. მიუხედავად ამისა, ალეკო ახალაძემ უნდა იცოდეს, რომ მისი უსუსური თავდასხმები ჯანსაღ აზრს ვერაფერს ავნებს და ჩვენ ყოველთვის გვექნება ადეკვატური რეაქცია ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით,”-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ალეკო ახალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს ბოლო სხდომაზე გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ “გირჩის” რელიგიური სიმბოლიკებით მოწყობილი საპროტესტო აქცია არ დაგმეს მაშინ, როდესაც ნანა კოსტავას საკრებულოდან გაშვებას პოსტის დაწერის გამო მოითხოვდნენ. ახალაძემ სამოქალაქო აქტივისტის გვანცა თოთაძის გენდერული თანასწორობის საბჭოდან გაწვევა აღნიშნული მიზეზის გამო მოითხოვა.

თოთაძე ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოში “თაობათა დიალოგს” წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საბჭოში თოთაძის ჩანაცვლების საკითხს არც კი განიხილავენ.

ფოტო: ქუთაისის საკრებულო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *