დაკითხვისა და გამოკითხვის წესების შესახებ ზოგადად სისხლის სამართლის საპროცესო

კოდექსში წავიკითხავთ, მაგრამ როდესაც საუბარია არასრულწლოვანზე გამოკითხვა/დაკითხვა  განსხვავებულად ხორციელდება. გარდა სისხლის სამართლის კოდექსისა, ამ დროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიც მოქმედებს. 

ამ კოდექსში 52-ე მუხლი უშუალოდ არასრულწლოვნის გამოკითხვისა და დაკითხვის წესებს მოიცავს.

52-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს სიტყვიერად უნდა შეეძლოს გადმოსცეს საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები;

უმნიშვნელოვანესია, რომ დაკითხვას/გამოკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. თუ ადვოკატი არ ჰყავს, სარგებლობს სახაზინო წესით უფასო საადვოკატო მომსახურეობით, ასევე შეუძლია ისარგებლოს უფასო თარჯიმნის მომსახურეობით თუ ის არ ფლობს სახემწიფო ენას.

პროცესში შეიძლება ჩართული იყოს ფსიქოლოგი.  ფსიქოლოგის მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას საპროცესო ხელმძღვანელი იღებს. ფსიქოლოგის როლი ამ საქმეში არის ის, რომ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

კიდევ უფრო სპეციფიკურ საკითხს აწესრიგებს მართლმსაჯულების კოდექსი, როდესაც ხორციელდება 14 წლამდე პირის დაკითხვა და გამოკითხვა. 14 წლამდე პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. მას მხოლოდ აფრთხილებენ, რომ უნდა თქვას მხოლოდ სიმართლე.

არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.

არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით.

თუ საქმე ეხება სექსუალურ ძალადობას და არასრულწლოვანი ან მოწმეა ან დაზარალებული, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ჩვენება ჩაიწეროს აუდიო ან ვიდეო სახით და ამის დემონსტრირება მოხდება სასამართლოზე.  ეს არის გარანტია იმისა, რომ საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი მოარიდონ პროცესზე გამოსვლას, სადაც შეიძლება დამატებითი ფსიქოლოგიური ტრმავა მიიღოს.

თუ ბავშვი არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და არის ვარაუდი, რომ კანონიერი წარმომადგენელი არის მოძალადე, დაუშვებელია მასთან ერთად მოხდეს გამოკითხვა და დაკითხვა. 

უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *