ქუთაისის ოპერის თეატრის 50-ე იუბილე ზაქარია ფალიაშილის “დაისის” პრემიერით აღნიშნეს. 

დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობას მიიღეს არმაზ დარაშვილმა (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილმა(კიაზო), მარიკა მაჩიტიძემ (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძემ (ნანო), რამაზ კუბლაშვილმა (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავამ (ცანგალა), თეატრის გუნდმა (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრმა და ქორეოგრაფიულმა დასმა.

,,ქუთაისის ოპერის თეატრი 50 წლისაა და ეს დიდი დღე აღვნიშნეთ პრემიერით. ჩემთვის პირველი საოპერო სპექტაკლი იყო ეს. ძალიან ვღელავდი და ახლაც ემოციებში ვარ. ვულოცავ ქუთაისს ამ დღეს და ამ სპექტაკლის წარმატებას”.- აღნიშნა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა და რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.

,,ეს თეატრი ჩემთვის არის მშობლიური. ჩემი ცხოვრების ნახევარი აქ გავიარე. ვფიქრობ დღეს დღესასწაული შედგა და წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. ვულოცავ იუბილეს მთელს კოლექტივს. დღეს კი გვქონდა ,,დაისი” ცოტა სევდიანი და პატრიოტული ჟანრის ოპერა, მაგრამ ვისურვებდი ყოფილიყოს ყველა გაჭირვებისა და ცუდი პერიოდის დაისი. წელიც მთავრდება და ვისურვებ, რომ ახალი წლიდან ახალი გამოწვევებით, შემართებით, ბიუჯეტით ვიყოთ და კიდევ გვეზეიმოს. ამ თეატრმა დაამტკიცა, რომ უნდა იყოს ქვეყნაში და უნდა იყოს უფრო ღირსეულად. ჩვენ არ დავაკლებთ არც ენთუზიაზმს და არც შრომას წარმატებისთვის”.- აღნიშნა რეჟისორმა რევაზ ჯავახიშვილმა.

“დაისი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სპექტაკლის განახლებაზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის თქმით, 50 წლის წინ თეატრი ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეტერით” გაიხსნა, ამიტომ ,,დაისის” განახლება 50-ე იუბილეს სიმბოლურად დაამთხვიეს.

ქუთაისის ოპერის თეატრში 2020 წელს სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წლის პროგრამა თეატრის სარემონტო სამუშაოების გეგმის მიხედვით გაიწერება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მომავალი წლის რეპერტუარს ბიძინა კვერნაძის ,,იყო მერვესა წელსა” შეემატება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *