“უნდა ვისწავლოთ, რომ საარჩევნო დაპირება არ არის ერთწლიანი.

საარჩევნო დაპირება არის 4 წლიანი, იმ ვადიანი, რა ვადითაც მოდის ადმინისტრაცია. ამას როცა ვისწავლით, ასეთი კითხვები აღარ გვექნება,”-ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას, ქუთაისში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განაცხადა. გიორგი ჭიღვარიამ განმარტება ცენტრალურ ბულვარზე, გაპონოვის ქუჩასა და რუსთაველის ხიდზე გააკეთა.

ქუთაისის ცენტრალური ბულვარი

“ბულვართან დაკავშირებით ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ და მოსახლეობამ გააჩერა ის ტენდერი, რაც გვქონდა. მოსახლეობამ გააჩერა, რომ არ გაგვეკეთებინა. გაგრძელებას ვაპირებთ. არქიტექტურის სამსახური მუშაობს. თუ რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება.”

გაპონოვის ქუჩა

“გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უნდა განხორციელდეს. გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობს მაშინ, როდესაც უკვე რიონის სანაპიროს მოწესრიგების საკითხი დაწყებული იქნება.”

რუსთაველის ხიდი

“რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იქ სვეტები იყო, რასაც მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესი უნდა გვქონდეს გათვალისწინებული.”

წერეთლის ქუჩა

“რაც შეეხება წერეთლის ქუჩას, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება თებერვლიდან, ასევე თავისუფლების ქუჩისაც.”

ქუთაისის მერიამ ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია წელიწად-ნახევრის წინ, გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია ორი წლის წინ, ხოლო რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია ერთი წლის წინ დააანონსა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *