ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო.

რეაბილიტირებული თეატრი ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის “ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერით გაიხსნა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის შენობა, გამაგრდა საძირკველი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი აღიჭურვა ახალი განათება-გახმოვანების აპარატურით. თეატრი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. თეატრის შენობისა და ეზოს სრული რეკონსტრუქცია სამინისტროს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, რაზეც 585 178 ლარი იყო გათვალისწინებული.

,,ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე არა მხოლოდ ქუთაისისათვის, ზოგადად ქართული კულტურისათვის. ამ თეატრს უზარმაზარი ისტორია აქვს, 70 წელზე მეტია რაც ეს თეატრი არსებობს. სამინისტრომ 600 ათას ლარამდე გამოჰყო ამ თეატრის რეაბილიტაციისათვის შარშან. ბავშვების ხელოვნებასთან ზიარება სწორედ თოჯინების თეატრიდან იწყება. მნიშვნელოვანია, რა გარემო ხვდებათ მათ თეატრში.”- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ნანა დოლიძემ.  

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის “თეთრი ფინია” გახლდათ. დაარსებიდან დღემდე თეატრის დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა – 73 სეზონის განმავლობაში თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა. ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეისათვის ოცდაშვიდი მოქმედი სპექტაკლია, წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *