ტყიბულში, ცუცხვათის მღვიმოვანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მღვიმოვანისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე განიხილა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 
ცუცხვათის მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. 

მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.

მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის – VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს – შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა.

თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.

ფოტო:დაცული ტერიტორიების სააგენტო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *