სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა

და სხვა ნარჩენი ნივთიერებების დადგენის მიზნით, ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის ლაბორატორიაში თაფლის 100-მდე ნიმუში გადააგზავნა. შედგების მიხდევით ირკვევა, რომ დარღვევებმა იკლო. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 100-დან დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში. 2018 წელს კი დარღვევა 54-ში აღინიშნა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ამოწმებს თაფლის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს, მათ ინფრასტრუქტურას, იღებს თაფლის ნიმუშებს. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეფუტკრე ფერმერებთან. პრეპარატების გამოყენების წესებთან დაკავშირებით, ჩატარდა არაერთი სწავლება; მეფუტკრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვებ რაოდენობებსა და საერთოდ აკრძალულ ნივთიერებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტით, მკაცრად არის გაწერილი”, – განაცხადა სეს-ის უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

შეგახსენებთ, ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღების, ფალსიფიკაციისგან დაცვის და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირების მიზნით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა.  ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კონტროლის სისტემა და თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაიტანონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *