ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერის უფლებამოსილების მოხსნის

თაობაზე გიორგი ჭიღვარიას განცხადება ცნობად მიიღო. საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა.

“პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ჭიღვარიას გაწეული საქმიანობისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უშუალოდ მის მიერ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

დღეს, საკრებულომ ცნობად მიიღო გიორგი ჭიღვარიას ოფიციალური განცხადება, ქუთაისის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. თავისი გადაწყვეტილება ბატონმა გიორგიმ მოსახლეობას გააცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც მან დააფიქსირა მისი პოზიცია.

ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის, პატივი ვცე მის გადაწყვეტილებას. მინდა წარმატება ვუსურვო მას შემდეგ საქმიანობაში,”-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკრებულოს სხდომა ჩატარდა მერიის თეთრ დარბაზში, შესაბამისი დისტანციის უზრუნველყოფით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 8 აპრილს გააკეთა. ქალაქის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *