“ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტების თანამშრომლების მოთხოვნის

შესაბამისად, უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა,”-ამის შესახებ “საქნახშირის” წარმომადგენლობა აცხადებს. მათივე ინფორმაციით, შახტებში კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება, ასევე იკრძალება ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება.

“იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა კომპანია “საქნახშირის” პრიორიტეტია, უსაფრთხოების წესების ნებისმიერი დამრღვევი კანონის ფარგლებში, მკაცრად დაისჯება,”-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქნახშირში” განმარტავენ, რომ შახტების განვითარებისა და სრული რეკონსტრუქციის გეგმაზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის.

“გეგმის მიხედვით, მოხდება ინფრასტრუქტურის სრული განახლება, უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გატარდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, თანამშრომელთა წახალისებისა და დაინტერესების მიზნით მოხდება ახალ, ბონუსური ანაზღაურების სისტემაზე გადასვლა და შედეგად, გაუმჯობესდება სამუშაო პირობები,”-ამბობენ “საქნახშირიში”.

ტყიბულელმა მეშახტეებმა ბოლო საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც შახტში ამწე მექანიზმს პრობლემა შეექმნა და მათი თქმით, მათს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. აქციის მონაწილეები შახტში უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *