ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის

ფოტოებს აქვეყნებს. უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ KIU-ს მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაათვალიერა. 

ქუთაისში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ივანიშვილი ახალგაზრდებს არ შეხვდა, რადგან მათ მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხებდა.

“ივანიშვილი თავადაც კარგად ხვდება, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი აღარ აქვს, არც პასუხები იმ კითხვებზე, რაც მრავლად დაგროვდა. უნივერსიტეტს კი აშენებს, მაგრამ ახალგაზრდებსაც ვერ შეხვდა:

რომ ჰკითხავენ, საქართველოში სად უნდა დასაქმდნენ ან ამ, ან სხვა უნივერსიტეტებში ნასწავლი ახალგაზრდები – პასუხი არ აქვს!

რატომ წაერთვა ქუთაისს, ისევე როგორც მთელ საქართველოს, განვითარების პერსპექტივა, პასუხი არ აქვს;

როგორ დააბრუნებს ქალაქიდან (ისევე როგორც ქვეყნიდან) წასულ ასობით დედას მარტო დატოვებულ ასობით შვილთან და რას შესთავაზებს მათ სამშობლოში დაბრუნებულებს, პასუხი არ აქვს.

საკუთარ ქვეყანაში, რომ დაიპარები და ადამიანებს ემალები – დასასრულის დასაწყისია ეს.

ფინალი იქნება ოქტომბერში!” -წერს ანა ნაცვლიშვილი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პირველი ფაზის დასრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალა ოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზე განათავსა.

“KIU-ს კამპუსი მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს, რაც საუნივერსიტეტო ქალაქში ცხოვრებას მრავალფეროვანსა და განუმეორებელს ქმნის”,-აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუ” აფინანსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *