ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოციალური აგენტების შრომითი პირობები უკიდურესად მძიმეა. საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს. 

,,საყურადღებოა სოციალური აგენტების სამუშაო ადგილების განსაკუთრებული მოწყვლადობა. მათი შრომითი ხელშეკრულებები, ყოველთვიურად, ერთი თვის ვადით იდება. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, სამუშაოს უკიდურესად დაუცველს და არასტაბილურს ხდის, ხოლო მეორე მხრივ, აშკარად არღვევს შრომის კოდექსის მოთხოვნებს.[1] კანონის მიხედვით, თუ მიმდევრობით დადებული შრომითი ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, უნდა ჩაითვალოს, რომ დადებულია უვადო ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური აგენტების დიდი ნაწილის შრომის ხანგრძლივობა მიმდევრობით დადებული ყოველთვიური ხელშეკრულებებით 30 თვეს ბევრად აღემატება, მათზე კანონით განსაზღვრული უვადო ხელშეკრულების გარანტიები მაინც არ ვრცელდება. შრომის კოდექსის აღნიშნული მოწესრიგება, სწორედ დაცული შრომითი ურთიერთობის და მშრომელთა უფლებების რეალიზების საფუძველია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისი მუდმივი უგულებელყოფა უკიდურესად საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს.

გამოწვევებია თავად შრომითი დავის პროცესთან დაკავშირებითაც. კოლექტიურ დავაში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მედიატორთა რეესტრის პრობლემებისა და მათი უფლებამოსილებების შეწყვეტის გამო მედიაციის პროცესი ჩაიშალა. შრომითმა დავამ დასაქმებულთათვის სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, რაც მათი წუხილების გააზრებასა და დამსაქმებელთა მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით გამოიხატებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო, ამ დრომდე, უარს ეუბნება დასაქმებულებს, მოლაპარაკებებში ჩართონ იურისტები და პროფესიული კავშირი “სოლიდარობის ქსელი”, რომლის წევრიც 90-მდე მოქმედი სოციალური აგენტია. პროფესიული კავშირებისთვის ხელშეშლა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ სამინისტროსგან, რომელიც ქვეყანაში სოციალურ პარტნიორებს შორის ჯანსაღი, თანასწორი და სამართლიანი შრომითი ურთიერთობის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს:

დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან და, სოციალური აგენტების წარმომადგენლებისა და პროფკავშირების კოლექტიური დავის პროცესში უშუალო ჩართულობით, უზრუნველყონ მოლაპარაკებების გაგრძელება.
გაიზიარონ სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები უკიდურესად დაბალი ხელფასის და სამართლებრივად მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე და უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა.”- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *