ბოლო წლებში ჩატარებული მასობრივი ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში ცოფის შემთხვევები

მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2019 წელს, 2013 წელთან შედარებით, შინაურ ცხოველებში ცოფის შემთხვევები შემცირდა 58%-ით და შედეგად ადამიანებშიც.

,,თუმცა, საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოში გამოწვევად რჩება გარეული და არავაქცინირებული,დაავდებული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ცოფის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან; შედგა ონლაინ-შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ვეტერინარებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; მიმდინარეობს მუშაობა ტრანსსასაზღვრო ორალური ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში, ყველა მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებს.

სააგენტოს ვეტერინარები მოუწოდებენ მოსახლეობას ცხოველი წელიწადში ერთხელ აცრან, რადგან ვაქცინაცია დაავადებისაგან დაცვის მთავარი მექანიზმია. ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით (დაკბენა, დაკაწვრა, დადორბვლა). დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში შედეგი 100%-იანი ლეტალობით მთავრდება.”- აცხადებენ სეს-ში.

მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 35 შემთხვევა გამოვლინდა(20 ძაღლი, 10 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველი, 5 გარეული ცხოველი). წელს პროფილაქტიკური ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა 110 ათას ძაღლსა და კატას; იძულებით აიცრა 15 ათასამდე დაავადების ამთვისებელი ცხოველი. წლის ბოლომდე 270 ათასამდე ცხოველის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *