24 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე დაფუძნებული ქუთაისის მერიის არქიტექტურის

სსიპ-ი დღეს გაუქმდა. საკითხს მხარი დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს. როგორც მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ განაცხადა, მთავრობამ მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ მსგავსი სსიპ-ის დაფუძნების უფლება მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეძლეოდა და ამ ეტაპზე სიაში ქუთაისი არ იყო.

“საკრებულოს წინა სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სსიპ არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საფუძვლად დაედო ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებას, კერძოდ, 156-ე პრიმა მუხლი, რომლითაც მუნიციპალიტეტებს მიეცათ საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების უფლება, თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ დააკონკრეტა, რომ ეს არ ეხებოდა ყველა მუნიციპალიტეტს და ეს ცვლილება კოდექსში მხოლოდ ტურიზმის კუთხით იყო გათვალისწინებული. შესაბამისი შენიშვნა ჩამოვიდა სამართლებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოდან, რამაც საბოლოოდ წინა საკრებულოზე დაფუძნებული სსიპ-ის გაუქმება გამოიწვია,”-განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

გიორგაძის განმარტებით, მერიაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში არქიტექტურის ააიპ-ი გააგრძელებს.

წინა სხდომაზე გიორგაძე აცხადებდა, რომ არქიტექტურის სსიპ-ს საშუალება ექნებოდა ფასიანი მომსახურება შეეთავაზებინა მოქალაქეებისათვის, რითაც მას საკუთარი შემოსავალი ექნებოდა და ბიუჯეტში გარკვეული თანხებიც დაიზოგებოდა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *