მე-7 თვეა, კოვიდ 19-ის გამო, თეატრების მუშაობა შეჩერებულია. ახალი რეგულაციების

მიხედვით კი თეატრების გახსნა 1-ლ ნოემბრამდე გადაიდო. სეზონს ვერ განაახლებენ ქუთაისში არსებული თეატრები. მაყურებელს კვლავ ვერ შეხვდება მესხიშვილისა და ოპერის თეატრები.

ოპერის თეატრს ახალი სეზონი 2 ოქტომბრიდან უნდა გაეხსნა. თეატრი პრემიერისათვისა და გალა კონცერტისათვის ემზადებოდა. 

“არ ვწყვეტთ რეპეტიციებს და კვლავ ვმუშაობთ. უბრალოდ, ახლა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გაგრძელდა ეს რეგულაციები. ვემორჩილებით, სხვა გზა არ გვაქვს. რეპეტიციებზე აკრძალვა არ გვაქვს. ცუდია, რომ სცენაზე არ გვიშვებენ. მსახიობებისთვისაც რთულია, როცა მუშაობ და ნამუშევარი სცენაზე ვერ გამოგაქვს,”-განაცხადა ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა, რეზო ჯავახიშვილმა.

მესხიშვილის თეატრმა სპექტაკლების ჩვენება მარტის თვეში შეწყვიტა. ახლა თეატრი 160-ე სეზონის გასახსნელად პრემიერით ემზადებოდა. 

“გაჩერებულები ვართ და ეს ძალიან ცუდი ამბავია. 160-ე სეზონი კვლავ გადაიწია. ველოდებოდით სტუმრებს უცხოეთიდან, ჩვენს მეგობარ თეატრებს ევროპიდან და ეს ყველაფერი შეჩერდა,”-განაცხადა მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *