აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო

პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების ჩართვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია ორგანიზებულია ბავშვთა ფონდის მიერ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ და ბავშთა უფლებების საკითხებზე იმსჯელებენ პროფესორები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბავშვის უფლებათა დარგის საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციები.

კონფერენციის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, გაეროს რეზიდენტმა კოორდინატორმა, საბინ მახლიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილიმ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა.

,,გაეროს ბავშვთა ფონდისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობა სრულად გამორჩეულია იმ მხრივ , რომ საუნივერსიტეტო სივრცეში პირველად იწყებს ფუნქციონირებას ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს უნივერსიტეტის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის ძალაზე ღირებულ და საჭირო საქმეში,”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

კონფერენციის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნას. ცენტრი იქნება საინფორმაციო ჰაბი და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

,,მოხარული ვარ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვთა უფლებების საკითხები ჩაირთვება პროგრამებსა და კურიკულუმებში. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორცილებას. ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. ბავშვთა უფლებების და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მიდგომის შესახებ ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები და ზრდასრულები განაპირობებენ ცვლილებას მათ უშუალო გარემოში და ზოგადად ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ ქუთაისში ბავშვთა უფლებების თემაზე საერთშორისო კონფერენციის გამართვა და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მიზნით,”- განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილიმ.

საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების შესახებ.

ბავშვთა უფლებების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში გაზრდის სტუდენტების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებების შესახებ, ხელს შეუწყობს ბავშვებისათვის და ბავშვებთან მუშაობით მათ დაინტერესებას და გააძლიერებს ყველა მომავალი პროფესიონალის -მომავლი სოცმუშაკების, ადვოკატების, მოსამართლეების, მასწავლებლებისა და სხვათა მოტივაციას. ზემოაღნიშნული საფუძველს ჩაუყრის ბავშვებთან და ბავშვებისათვის მომუშავე ყველა პროფესიონალის სპეციალიზაციას, საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 1 სექტემბერს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *