შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა რიონის ხეობაში,

შეჩერდეს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები და რიონის ხეობის მცველებს მიეცეთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ სოფელ ნამოხვანში და ჩვეულ რეჟიმში აღადგინონ პროტესტი კარვებში.  ეს სამი პირობა წამოუყენეს რიონის ხეობის მცველებმა მთავრობის წარმომადგენლებს.

 

სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა:

„”ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მათი მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა. ჩვენ დავაყენეთ სამი ძირითადი საკითხი იმისთვის, რომ დიალოგის სივრცე გაჩნდეს.“

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მთავრობასთან დაყენებული მოთხოვნების პასუხს ისინი უახლოეს დღეებში დაელოდებიან, შემდგომ კი  პასუხების მიხედვით იმოქმედებენ.

„მათ ნაბიჯებზე ვართ დამოკიდებული, რა პასუხს გაგვცემენ, რამდენიმე დღეა საჭირო, მიზეზად პრემიერის ჯანმრთელობა დასახელდა, საბოლოოდ რომ გაეცეს პასუხი ამ კითხვებს. იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს მათი მხრიდან, ალაგდეს ბარიკადები, ხეობაში სამუშაო პროცესები უნდა შეწყდეს და კარვებით პროტესტი გავაგრძელოთ,“

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა, რიონის ხეობის მცველებთან  შეხვედრის  შემდეგ განაცხადა, რომ თუ ჰესის მშენებლობა სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, პროექტი არ განხორციელდება.

ბარნაბიშვილის თქმით, მოთხოვნები, რომლებიც რიონის მცველებმა დააყენეს,  პრემიერთან შეთანხმებას საჭიროებს.

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათ ამ ეტაპზე მხოლოდ მოკლევადიანი პირობები შესთავაზეს ხელისუფლებას, მათი მთავარი მოთხოვნები კი მთავრობასთან დიალოგის ფორმატში განიხილება.

„ჩვენ რომ გადავიდეთ დიალოგის შემდგომ ეტაპზე, ეს სამი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. ამის შემდგომ ჩვენ ვისაუბრებთ მიწასთან, ხელშეკრულებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით გაიმართა. შეხვედრას რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

რიონის ხეობის მცველებმა შეხვედრის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაიგეს, ამის შემდეგ მათ მთავრობის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

ქუთაისში ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები გუმათჰესიდან ავტოკოლონით და სიგნალებით შემოვიდნენ. ქალაქის ცენტრში სამანქანო სიგნალების ფონზე და ქალაქის მერიასთან შეკრებილი ჰესის მოწინააღმდეგეთა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა შეხვედრა. შეხვედრაზე არ დაუშვეს მედია. როგორც ვარლამ გოლეთიანი შეხვედრის დასაწყისში ამბობდა, მთავრობასთან შეხვედრის ვიდეო ჩანაწერს შემდგომ თავიანთ სოციალურ გვერდზე განათავსებენ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 174 დღეა რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *