გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გალერეა ,,ვარლა’’-ში საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.

გალერეა ,,ვარლა’’ ქუთაისში საგაზაფხულო გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე იმერეთში მოღვაწე 70-მდე მხატვრის 120 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის გახსნის ცერემონია დღეს გვირილობის დღესასაწაულთან დაკავშირებით გაიმართა. გამოფენაზე ფერწერის, გრაფიკის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.

,,გამოფენის თემატიკა შეუზღუდავი იყო. თქვენ ხედავთ სხვადასხვა თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს. აქ არის ნახატები, რომლებიც უშუალოდ უკრაინის ამბებს ეძღვნება. დიდი ტკივილია ჩადებული ამ ნამუშევრებში და ძალიან კარგადაა წარმოდგენილი ის შიში, რაც საომარ ვითარებაში ადამიანების თვალებშია ჩამდგარი, ასევე ის სისასტიკე ,რამაც ქალაქი მარიუპოლი მიწასთან გაასწორა. ჯამში, გამოფენა საინტერესო გამოვიდა,”-ამბობს იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალერიან მეძმარიაშვილი.

,,რთულია მხატვარმა საკუთარ ნამუშევარზე ისაუბროს, რადგან ფერწერა კონკრეტულობის ფარგლებს სცდება და არის აბსტრაქტული მომენტებიც. აქ მთავარი ფერია. მე ჩემს ნამუშევარში საქართველოს მომავლის იმედი ჩავდე, ქვეყნის სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ,,კაი ყმები” აღვზარდოთ და ხვალ და ზეგ უკეთესი ქვეყანა ავაშენოთ,”-ამბობს მხატვარი ლადო თევდორაძე.

გამოფენა 15 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *