,,ქართული ოცნების’’ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასჯელის მოხდა მოუწევს.

„მინდა დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა აუცილებლად მოუწევს, მინიმუმ ის, რაც მისჯილი აქვს. დანარჩენს, სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას დაველოდოთ. იცით, რომ 6 წელი მისჯილი უკვე აქვს. სხვა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ სასჯელი დაემატოს. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებზეც აქვს მისჯილი,“ – განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადაპტაციის აშლილობაზე საუბრობდა, რასაც სუიციდური ქცევაც ახასიათებს. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ციხეებში მისი მინისტრობის დროს სუიციდის პრევენციის პროგრამა „წარმატებით დაინერგა“ და თუ ის მიხეილ სააკაშვილს დასჭირდება, ამ პროგრამაში ჩართული იქნება.

„ადაპტაციური აშლილობა არ ვიცი, რას ნიშნავს, თვითონ განმარტავს ასე – დეპრესიული განწყობა, სუიციდური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ა.შ. ციხეს ნებისმიერი ვერ ეგუება და სააკაშვილი თურმე მათ შორისაა, ვინც ვერ ეგუება, როცა სააკაშვილი ვერ ეგუება ამას, ეს უნდა გაითვალისწინოს დიდი ხნით ადრე ვიდრე ციხეში მოხვდებოდა და არ ჩაიდონოს დანაშაული, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. მე იმედი მაქვს, არანაირ სუიციდიალურ ქცევას არ ექნება ადგილი სააკაშვილის მხრიდან, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჯერ კიდევ 2013 წელს როცა მე ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი, ჩვენ დავიწყეთ მართვა სიუციდის პროგრამის ციხეებში და საქრთველოში დღეს, მსოფლიოში ყოველ 10 000 პატიმარზე აღებული ყველაზე ნაკლები სუიციდია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც სუიციდით 5-6 კაცი არ იყოს 10 000 პატიმარზე აღებული, საქართველოში ეს არასდროს აღემატება 1, მაქსიმუმ 2 ადამიანს და ბევრჯერ არც ერთი არაა წლის განმავლობაში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როცა ლაპარაკია სააკაშვილის წამებაზე, ეს უკვე გადავიდა ანეკდოტების და ხუმრობის სფეროში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *