ქუთაისში ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმის, რომელიც ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია, განხილვა გაიმართა.

შეხვედრა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა -დედამიწის მეგობრების’’ ორგანიზებით მოეწყო. დისკუსიაზე განიხილეს როგორც ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების მოსამზადებელი გეგმა, ასევე უკვე შემუშავებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია და ამ ორ დოკუმენტს შორის შესაბამისობაზე იმსჯელეს. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

,,მნიშვნელოვანია ენერგიის მოხმარებამ არ დააზიანოს კლიმატის ცვლილება. ენერგეტიკაზე მოთხოვნა ყოველწლიურად, დაახლოებით, 5%-ით იზრდება. მეტი ენერგიის მოხმარება კი იწვევს მეტ ემისიას. კლიმატის ცვლილებაში ძირითადი როლი ენერგორესურსების მოხმარებას უჭირავს. მთავრობამ ძირითადი აქცენტი უნდა მიმართოს იმისკენ, რომ მეტი განახლებადი ენერგია მოვიხმაროთ და ნაკლები ნავთობპროდუქტები, რაც შემცირებს ემისიების გაფრქვევის საფრთხეს. შესაბამისად, მზადდება დოკუმეტი, რომელიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს კლიმატის ცვლილების დოკუმენტთან,’’-ამბობს ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ ექსპერტი ავთანდილ გელაძე.

,,ენერგეტიკის და კლიმატის ცვლილების დოკუმენტი შემუშავების პროცესშია. მას ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტრო კურირებს. ასევე განვიხილეთ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ შემუშავებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია. ეს ორი დოკუმენტი ძირითად ნაწილში შესაბამისობაშია, თუმცა გარკვეული დეტალები კლიმატის ცვლილების დოკუმენტში უკეთესადა ასახული. შეხვედრის შედეგიც ის არის, რომ ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ გეგმაში სათანადო დაზუსტებები იყოს შეტანილი და სრულად იყოს საქმიანობები მითითებული ისე, როგორც ეს არის კლიმატის ცვლილების დოკუმენტში,’’-ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების’’ მიერ მოწვეული სპიკეტი მამუკა გვილავა.

შეხვედრა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კლიმატის დაცვის საკიტხებში’’ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *