რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუს ხალხს და რუს სამხედროებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მოილოცა.

მოსკოვის წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები რუსეთის უსაფრთხოებას იცავენ.

,,მივმართავ ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და დონბასის მებრძოლებს, თქვენ იბრძვით სამშობლოსთვის, მისი მომავლისთვის, იმისთვის, რომ არავინ არ დაივიწყოს მეორე მსოფლიოს ომის გაკვეთილი, რომ მსოფლიოში არ იყოს ჯალათების, დამსჯელებისა და ნაცისტების ადგილი,’’-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთმა დასავლეთს მოლაპარაკებები შესთავაზა და გონივრული, კომპრომისული გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდა, თუმცა, ნატოს ქვეყნებმა არ ისურვეს რუსეთის მოსმენა. რადგან სინამდვილეში სხვა გეგმები ჰქონდათ.

ვლადიმერ პუტინმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინას დაგეგმილი ჰქონდა სადამსჯელო ოპერაცია დონბასში და მზადდებოდა შეჭრა რუსეთის ისტორიულ მიწებზე, ყირიმის ჩათვლით, ამიტომ მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომი იყო აგრესიის წინასწარ მოგერიება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებას, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმში შეჭრას და ამ ომისთვის გონივრული მიზეზები არ არსებობდა.

,,ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა“,- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *