მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი – მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 – რუსეთის მოქალაქეა.

ამავე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთაგან 52 პირი არის თურქეთის მოქალაქე, ირანის – 31, ავღანეთის – 17, ეგვიპტის – 16.

რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთაგან წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა პირმა მიიღო, მათგან უკრაინის 13-მა და რუსეთის არცერთმა მოქალაქემ, ასევე ავღანეთის 21-მა და იემენის 7-მა მოქალაქემ.

ლტოლვილის სტატუსი მოცემულ პერიოდში არც უკრაინის და არც რუსეთის მოქალაქეებს არ მინიჭებიათ. ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეები.

სამ თვეში სტატუსის მინიჭებაზე უარი უცხო ქვეყნის 194 მოქალაქეს ეთქვა, მათ შორის რუსეთის 10 და უკრაინის არცერთ მოქალაქეს. ასევე, სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო ირანის 50-მა, ეგვიპტის 30-მა, თურქეთის 21-მა და იორდანიის 14-მა მოქალაქემ.

ამავე პერიოდში, საქართველოდან უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე გააძევეს, საიდანაც 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის ასევე არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში განსაკუთრებულად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან. კერძოდ, გასული 2021 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *