ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე და ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავე თემებზე გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებმა თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.

,,ეროვნული თანხმობის იდეა წამოვიდა იქედან, რომ არ შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული პოლარიზაცია. ეს გარკვეულწილად, მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ ჩვენთან დამახინჯებულ ფორმას იღებს. ადამიანები ხშირად ერთმანეთის პერსონალურ ლანძღვაზე გადადიან და ერთმანეთის დისკრედიტაცია ამ მოცემულობაში ჩვეულებრივი ამბავია, რაც არაჯანსაღია. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ საჭიროა ფუნდამენტურ ღირებულებებზე შევთანხმდეთ,”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რას მოუტანს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

,,კანონის უზენაესობა, დემოკრატია, თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება, შრომითი უსაფრთხოება- ეს ის ის სტანდარტებია, რაც ევროპაში დიდი ხნის წინ დაინერგა. ეს სფეროები უნდა მოვაწესრიგოთ და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. ასევე, საჭიროა შევიცვალოთ მენტალობა, რათა ევროპულ ღირებულებებს დავუახლოვდეთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი იდენტობა დავკარგოთ. აქ ბალანსის დაცვაა საჭირო,-ამბობს პრეზიდენტი. 

ეროვნული თანხმობის მიღწევის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა ქალაქებში პერმანენტულად ხვდება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *