17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

პარალელურად, საქართველოში მართმადიდებლური ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.

,,განსაკუთრებით საგანგაშო იყო გასულ წელს “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში განვითარებული მოვლენები, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გაიზარდა ლგბტ+ თემის ხილვადობა და შემცირდა საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული განწყობები, ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების საკითხი. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია და ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს,’’-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს მოუწოდებს ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო სიიდან ამოღებას უკავშირდება.

2014 წელს 17 მაისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აღინიშნა. მათ შორის იყო ის 37 ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალობა ლეგალიზებული არაა. ამ დღეს გაიმართა 1600 ღონისძიება, რომელშიც 1280 ორგანიზაცია იყო ჩართული.

საქართველოში ამ დღის აღნიშვნა პირველად 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა, მსვლელობას სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა ხელი შეუშალა. 17 მაისი საქართველოში ვერც მომდევნო, 2013 წელს აღნიშნეს.

2014 წლის 2 მაისს, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. თუმცა, ეს დღე მაინც ვერ აღინიშნა. 2014 წლის 17 მაისიდან ყოველ წელს თბილისში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრები მრევლთან ერთად „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავენ და მსვლელობას აწყობენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *