მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ღონისძიება სახელწოდებით ,,ვიცავთ და ვქმნით ისტორიას’’ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში აჩვენეს ფილმი სახელწოდებით,, არასასურველი პირი’’, ასევე ფილმთან დაკავშირებით,გაიმართა დისკუსია და მოეწყო სამაგიდო თამაში ნატო-ევროკავშირის შესახებ. სამაგიდო თამაშში ორი გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულ გუნდს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა’’ პრიზები გადასცა.
რაც შეეხება ფილმს ,,არასასურველი პირი’’, ის ჩეხური ორგანიზაცია პინის მიერ არის გადაღებული და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არაწევრი ქვეყნებიდან მიგრაციის პროცესსა და მათან დაკავშირებულ სირთულეებს ასახავს. ფილმში ნაჩვენებია როგორ მოქმედებს რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია საზოგადოების განწყობებზე და როგორ ხდება მათში არასწორი რწუმენებულებების ჩამოყალიბება. 

ღონისძიება ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბისა და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის ორგანიზებით მოეწყო, ღონისძიებაში ჩაერთო ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრიც’’.

,,მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველ წელს სხვადასხვა თემა გვაქვს. წლევანდელი თემაა მუზეუმების ძალა, რადგან მუზეუმი იყო არის და იქნება ისტორიის საცავი, ჩვენი წარსულის დარაჯი. თუმცა იმისთვის, რომ ისტორია შევქმნათ, არ უნდა ვიყოთ უსიცოცხლო სხეული, რომელიც მხოლოდ წარსულს ინახავს, არამედ ის უნდა ეხმაურებოდეს იმ პროცესებს, რაც თანამედროვე ეპოქაში ხდება. დღეს ნაჩვენები ფილმიც ეხმაურება იმ ამბებს, რაც პლანეტაზე ხდება. ამით ვცდილობთ გავამართლოთ ჩვენი დანიშნულება, როგორც მუზეუმის,’’-ამბობს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალისტი ლელა მახარაძე.

,,გარდა ფილმისა, გავმართეთ დისკუსია და სამაგიდო თამაშები. თამაში ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალგაზრდებმა და ზოგადად, დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროინტეგრაციის შესახებ. გვქონდა რამდენიმენაწილიანი კითხვები, ზოგი ცალკეულ ქვეყნებს ეხებოდა, ზოგიც-ორგანიზაციებს. ეს იძლევა მოცემულობას, როცა დანტერესებული პირები სახალისოდ იმეცნებენ ევროინტეგრაციის საკითხებს,’’-ამბობს ,,ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

ფართო საზოგადოებაში მუზეუმების პოპულარიზაციისა და საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის ამაღლების მიზნით, ICOM (International Council of Museums)-მა 1977 წელს დააფუძნა მუზეუმის საერთაშორისო დღე – 18 მაისი. მას შემდეგ ეს იმპულსი არ შენელებულა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღე მსოფლიოს 90 ქვეყნის 20 000-ზე მეტ მუზეუმში აღინიშნა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *