ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილი სახალხო დამცველის პოზიციას ეხმაურება, რომელიც მან ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

პროკურორის თქმით, იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული. მისი განცხადებით, სახალხო დამცველს ბრალდების მხარესთან კომუნიკაცია არ უცდია.

“სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აქვს მსგავსი პოზიცია მაშინ, როდესაც ის არ იცნობს სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად. მას ჩვენთან, ბრალდების მხარესთან არ უცდია კომუნიკაცია და მისმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ ფრაგმენტულად სისხლის სამართლის საქმის მასალები. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმე შეფასდეს, აუცილებელია შემფასებელმა, სულ მცირე სრულად იცოდეს ის ინფორმაცია, რაც საქმეშია მოცემული. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის შემთხვევაში მსგავსი რამ არ ყოფილა. არის გარემოება, რომელშიც სახალხო დამცველს, ასევე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უნდა დავეთანხმოთ და ფაქტობრივად, ჩვენ ანალოგიური სამართლებრივი შეფასებით წარვდექით სასამართლოს წინაშე. ისინი ამბობენ, რომ თუ არსებობს პირადი დაინტერესება და ამავდროულად, არსებობს კომპანიისათვის ზიანის მიყენება, ეს სამართლებრივად დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენს მოცემულ შემთხვევაში თვალსაჩინოდ და დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ მოხდა პირდაპირი ფინანსური ზიანის მიყენება კომპანიისათვის იმ განზრახვით, რომ ეს კომპანია გაკოტრებამდელ მდგომარეობამდე მიყვანილიყო,” – ამბობს ამირან გულუაშვილი.

 

16 მაისს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. ბრალი ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ აღიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *