ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით შედგა და მიზნად EU-ში გაწევრიანების და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

შეხვედრას ნინო ჩხობაძე და ლაშა ტუღუში უძღვებოდნენ.

ისაუბრეს რატომ არის მნიშვნელოვანი EU-ს კანდიდატის სტატუსი, რა შესაძლებლობები ეხსნება საქართველოს თუ აღნიშნულ სტატუსს მიანიჭებენ და რა ვალდებულების შესრულება მოუწევს მას. ხაზი გაესვა, რომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების პირველი ეტაპია, სტატუსის მქონე ქვეყნებს აქვთ პირობა, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან, თუმცა მათზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოახერხებენ ამას. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროკავშირისგან მეტი დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს არ აქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა.

,,გვინდა საზოგადოებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან ბევრი ვერ ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევრიონტეგრაციას მოჰყვება. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს წინაშე დადგება თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ და იმ ვალდებულებებზე, რაც შესასრულებელი გვექნება. აქ მთავარია საზოგადოება იყოს ინფორმირებული აღნიშნული თემის შესახებ,’’-ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ტუღუში.

,,9 დღე დარჩა, იმედია, 9 დღის შემდეგ ყველანი ვიზიმებთ წინგადადგმულ ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე,’’-აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ და დასძინა, რომ სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს ბევრი შრომა დასჭირდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს და უკვე გაერთიანების წევრი გახდეს.

შეხვედრას სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *