პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

პოლონელმა პოლიტიკოსმა საგანგებო განცხადება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, კლინიკასთან გააკეთა.

,,მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის ის, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში ეროვნული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით. თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქანს უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა ქვეყანაში?!’’-ამბობს მალგოჟეტა გოშევსკა.

მისი თქმით, არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც სრულად საფუძველსმოკლებული მიზეზების გამო, ჩამოართვეს დაცვა და შეღავათები, რომლებიც მას კანონითა და წესით ეკუთვნოდა.

,,ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია. მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე,’’-ამბობს მალგოჟეტა გოშევსკა.

პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვებას და მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ არგადაყვანას მალგოჟეტა გოშევსკა ბარბაროსულ აქტს უწოდებს. მისი თქმით, პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობაზე მზაობა, მაგრამ მისი შეფასებით, ერთი ოლიგარქის სურვილის გამო, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *