ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის, საქართველო ერთადერთია, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიისგან რეკომენდაცია ვერ მიიღო.

ევროკომისიის დასკვნას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროკომისიამ არა ექსპერტული, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, უკრაინასა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს და ის რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული.

,,რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა ათი ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45%-ით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთგვარი მცირედი წახალისებაა, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო.
უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14.5% შეადგინა, მოლდოვის მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც ქვეყანას უმძიმეს ტვირთად აწვება. ევროკავშირი შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. ომის მძიმე გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და დსთ-ში მის წევრობაზეც დახუჭა თვალი და ყველაფრის მიუხედავად მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროკომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა. ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი,’’-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე, ჩამოთვალა პარამეტრები, რომელშიც, მისი აზრით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას “წინ უსწრებს”.

“იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, EU-სთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება, ამ ყველაფრით წინ ვართ უკრაინასა და მოლდოვაზე,”-ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არ მიღება გარკვეულწილად მაინც გულდასაწყვეტია.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, რამდენიმე წლით გვიან დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *